Nana nebieridze wikipedia

ნანა ნებიერიძე: შური დიდი მოტივაციაა

სახელი: ნანა.
გვარი: ნებიერიძე.
პროფესია: სპორტსმენი.

– მოგონება ბავშვობიდან...

– მთელი ჩემი ბავშვობა დაკავშირებულია სპორტთან. კარგად მახსოვს ის მომენტი, წყალში ხტომაზე რომ გადამიყვანეს. მეგონა, სიმაღლის შიში მქონდა, თუმცა ასე არ აღმოჩნდა და პირველივე დღეს ათი მეტრის სიმაღლიდან ჩავხტი წყალში.

– მშობლების როლი...

– იქიდან გამომდინარე, რომ დედა და მამა მუშაობდნენ ძირითადად ბებოსთან ვიყავი. ბებია მყავდა გრაფინია რაზუნოცკაია, ძალიან ჭკვიანი ქალი, რომელმაც სერიოზული როლი ითამაშა ჩემს აღზრდასა და განვითარებაში.

– ბავშვობაში მინოდოდა, გამოვსულიყავი...

– არა მარტო ბავშვობაში, დღემდე ვოცნებობ სცენაზე დგომას. შეიძლება, ითქვას, ეს ოცნება ნაწილობრივ ავისრულე, 6-7 წლის წინ ვითამაშე სპექტაკლ „ყინულის დედოფალში“. სცენა, სადაც ვიდექი, 735 კვადრატული მეტრი იყო და სიტყვებით ვერ გადმოგცემთ, რას განვიცდიდი.

– ჩემი პროფესია განაპირობა...

– იმდენად საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება მაქვს, კონკრეტულად ერთ სფეროზე საუბარი გამიჭირდება, ვიყავი ტელეწამყვანი, მსახიობი, სპორტსმენი, ბევრ პროექტში მივიღე მონაწილეობა და არც მომავალში ვაპირებ გაჩერებას. რაც შეეხება სპორტს, იქიდან გამომდინარე, რომ სპორტულ ოჯახში გავიზარდე, მამა მყავდა მძლეოსანი, დედა – წყალში მხტომელი, მეც ყოველთვის ჯანსაღი წესით ვცხოვრობდი და სწორედ, მათი დამსახურებაა, რომ დიდ სპორტში ვიყავი.

– ადამიანში ვაფასებ...

– ხალხს ვიღებ მათი ენერგეტიკის მიხედვით. მარტივად შემიძლია, მივხვდე, როგორია ადამიანი – გულგახსნილია თუ ზურგს უკან შეუძლია მოქმედება. კარგი ინტუიცია მაქვს და მას უფრო ვენდობი, ვიდრე საუბარს.

– წარმატებული ადამიანი არის...

– ზოგადად, წარმატება არის შრომა და ნებისყოფა. თუ ადამიანს ეს ორი აქვს, მაშინ ის აუცილებლად წარმატებული იქნება. წარმატებას აგვიანდება ხოლმე და მას მოთმინება სჭირდება.

– ვამაყობ...

– მთავარი საამაყო, რაც მაქვს, ეს არის ჩემი ოჯახი: შვილი, დედა, შვილიშვილი, ძაღლები... დანარჩენი – წარმატება და ასე შემდეგ, ყველაფერი წამიერია. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ რომ მივიღე მონაწილეობა, წამში გავხდი პოპულარული, თუმცა ამას არ შევუცვლივარ. ხშირად, როცა ადამიანები ცნობილები ხდებიან, „ვარსკვლავური ავადმყოფობა“ ემართებათ, რაც შემდეგ სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებში გადადის. ამიტომ უნდა დავრჩეთ ისეთები, როგორებიც რეალურად ვართ.

– მეშინია...

– რომ მოვა დრო, როცა დავკარგავ დედას, მაგრამ ეს გარდაუვალია და ამიტომ ყოველთვის ვმუშაობ საკუთარ თავზე. სხვა რამის შიში არ მაქვს. ადრე უფრო ფობიები მქონდა, ძალიან მეშინოდა გველების. ერთი წლის წინ, როცა „ყველაზე ძლიერში“ ვმონაწილეობდი, გველებთან ურთიერთობა მომიწია და რამდენადაც ცივები არიან, იმდენად თბილები აღმოჩნდნენ. მაშინვე მივხვდი, რომ ერთ ენაზე ვსაუბრობდით და წამში გადავლახე ეს ფობიაც.

– მწამს...

– ღმერთის, სიყვარულის, მეგობრობის, პატიოსნების, ერთგულების.

– ღმერთის ჩემეული აღქმა...

– ის ჩემშია. სამწუხაროდ, ღმერთს დახმარებას ვთხოვთ, როცა რთულ სიტუაციაში ვართ და გვავიწყდება მაშინ, როცა კარგად ვგრძნობთ თავს, რაც არასწორი მგონია.

– მაბედნიერებს...

– ყოველდღიური ცხოვრება ჩემი ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან ერთად და საქმე, რომელიც ძალიან მიყვარს.

– ვრისკავ...

– ძალიან ხშირად. არაერთხელ მქონია ისეთი სიტუაცია, სადაც დახუჭული თვალებით წავსულვარ და არაფრის შემშინებია.

– მაკვირვებს...

– სწორი აღზრდა. სამწუხაროდ, ბევრ არასწორ მაგალითს ვხედავ. დღეს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას ამ მნიშვნელოვან პროცესს, რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი.

– ვერიდები...

– კონფლიქტს. არ მიყვარს დაძაბულობა.

– სიყვარული – ეს არის...

– მდგომარეობა, როცა შინაგანად ხარ ლაღად და კარგად. სიყვარულია, როცა შინაგან პოზიტივს აფრქვევ და ჩუქნი სხვას, როცა მომენტალურად დგები კარგ ხასიათზე და პრობლემები, რომლებიც გქონდა, მეათეხარისხოვანი ხდება. ბედნიერებაა სიყვარული...

– დრო და სიყვარული...

– წლების განმავლობაში ურთიერთობა სხვა დონეზე გადადის, თუ ადრე იყო ფლირტი, შემდეგ უფრო სხვა სახეს იღებს, ბევრად სერიოზული ხდება. ვფიქრობ, რაც უფრო ხანგრძლივია ურთიერთობა, ბევრად საინტერესო და მყარია.

– როცა პირველად შემიყვარდა...

– ეს იყო ჩემი შვილის მამა, ჩემი პირველი სიყვარული.

– იდეალური მამაკაცი არის...

– როცა შედარებით ახალგაზრდა ვიყავი, მქონდა კრიტერიუმები, როგორი ვიზუალი, წონა, სიმაღლე უნდა ჰქონოდა მამაკაცს, მაგრამ წლების მატებასთან ერთად, მივხვდი, რომ ეს არასწორი მიდგომაა. აქ არაფერ შუაშია ფიზიკურობა, შორიდან მიხვდები, ვინ არის შენი მამაკაცი, შენი მეორე ნახევარი. ის შეიძლება, იყოს დაბალიც, მაღალიც, გამხდარი, მსუქანი და ასე შემდეგ.

– ის, რაც უპატიებელია...

– უზრდელობა. სხვა ბევრ რამეს ვაპატიებ, ბევრ რამეზე დავხუჭავ თვალს, ბევრ რამეს მოვითმენ, მაგრამ უზრდელობაზე ძალიან ცუდი რეაქცია მაქვს.

– შემშურებია...

– ალბათ, კი, როგორც ყველა ადამიანს. ვერ დავიჯერებ, ვინმემ რომ თქვას, არ შემშურებიაო. ჩვენთან არასწორი ინტერპრეტაციაა თვითონ სიტყვა შურის. შური არ არის ცუდი, ეს არის მომენტი, როცა ადამიანს უნდა მასზე ძლიერი და მაგარი გახდეს, ვისიც შურს. შური დიდი მოტივაციაა.

– ვეჭვიანობ...

– ისე, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი. ეჭვიანობისას ვუკონტროლებ საკუთარ თავს და არ მიშლის ხელს ურთიერთობებში. როცა ჩემი შვილი თხოვდებოდა, მაშინ მივხვდი, რომ ეს გრძნობა მქონდა. 20 წელი ერთად ვიყავით, ჩვენ უფრო დაქალები ვართ, ვიდრე დედა-შვილი და როცა ფაქტის წინაშე დავდექი, ძალიან „ცუდად“ გავხდი. ვაღიარებ, ნინას მიმართ მქონდა ეს ეგოიზმი.

– მაკომპლექსებს...

– ძალიან მორიდებული ვარ და ეს ხელს მიშლის ცხოვრებაში, ბევრი რამ დავკარგე და ამის გამო არაერთი შანსი გავუშვი ხელიდან. შეიძლება, ახლა თქვან, სად ნებიერიძე და სად სიმორცხვე, ყველგან ჩანსო, მაგრამ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, საკუთარ თავთან რამდენი მუშაობა მჭირდება, ეს რომ დავმალო.

– ბოდიშის მოხდა...

– არ მიჭირს, ბებია ყოველთვის მეუბნებოდა და დღემდე მახსოვს – მარტო ძლიერ ადამიანს შეუძლია ბოდიშის მოხდა.

– ვიტყუები...

– როცა არ მინდა რაღაცის თქმა და ეს ტყუილი არც არის.

– ვნანობ...

– ბევრ რამეს, რაც მორიდების გრძნობამ დამაკარგვინა.

– ჩემი თილისმა...

– ადრე მქონდა. ჩინეთში ვიყიდე პატარა, ულამაზესი თოჯინა, რომელიც სულ თან დამქონდა და ვთვლიდი, რომ იყო ჩემი თილისმა.

– ვაგროვებ...
– პარფიუმი მიყვარს ძალიან, განსაკუთრებით სუნამოები. თავისუფლად შემიძლია, ვთქვა, რომ ადამიანს არა მხოლოდ ინტუიციით, არამედ მისი სურნელის მეშვეობითაც კი ვგრძნობ.

– არასოდეს დამავიწყდება...

– ჩემი შვილიშვილის დაბადება. ვიდექი საოპერაციოში და ვუყურებდი ამ პროცესს. რომ დაიბადა, პირველი ნახა ექიმმა და მეორე მე ვიყავი. სრული შოკი მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დედა ვიყავი.

– თავისუფლება არის...

– შენი შინაგანი მდგომარეობა. როცა შინაგანად ხარ თავისუფალი, დანარჩენი იმდენად მეორეხარისხოვანია, რომ არ ღირს ყურადღების გასამახვილებლად.

– ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

– უფრო ვგეგმავ, ვიდრე ვფიქრობ და ეს ეხება ჩემს მომავალს, სადაც ყველა ადამიანს თავისი როლი, მოქმედება აქვს.

– რჩევა, რომელიც სულ მახსოვს...

– ბებიას რჩევა: როცა იქნები პოპულარული, ყოველთვის თავი იმაზე ქვემოთ დაწიე, ვიდრე დღეს გაქვსო.